ტეტანუსზე უკვე 1896 პაციენტი აიცრა – რა ღონისძიებებს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო

სტიქიით დაზიანებულ ადგილებში „ სტიქიისგან დაზიანებულ კერებში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც ხუნდაძემ განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ დასუფთავებისას მოხალისეებსა და დაზიანებულ ადგილებში მომუშავე სხვა ადამიანებს მიწასთან უწევთ შეხება, არსებობს ტეტანუსის საფრთხე, თუმცა, დეპუტატის განმარტებით, ამის პრევენცია აცრის საშუალებით ხდება, რომელიც ყველა ადამიანისთვის უფასოა. ხუნდაძემ მოქალაქეების დაცვის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და მოქალაქეებს სტიქიის მიმდებარე ტერიტორიიდან ონკანის წყლის დალევისგან თავის შეკავება ურჩია.
„ამ დღეების განმავლობაში სტიქიის გამო კლინიკას 48 პაციენტმა მიმართა, მათგან 4 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 1896 პაციენტს ტეტანუსის აცრა გაუკეთდა. სტიქიის ადგილებში მოხალისეებისთვის, გვარდიისთვის და მაშველებისთვის ხელსაბანი წერტილები მოეწყო, აქტიურად ტარდება საინფორმაციო კამპანია ინფექციებთან დაკავშირებით. „მზიურის“ ტერიტორიაზე მოეწყო პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი. გამოვლინდა მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის, წნევის აპარატის და გლუკომეტრების საჭიროება, რაც გადაეცათ დაზარალებულებს. ასევე არასამთავრობოებთან კოორდინაციით დაზარალებულებთან მუშაობს ფსიქოლოგი“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. რაც შეეხება სტიქიის ადგილებში ნაპოვნ გარდაცვლილი ცხოველების გვამებს, ხუნდაძის თქმით, მათი ლეშიდან ინფექციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები