მიხეილ დონდუა: კომერციულმა ბანკებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დღიური მოგების ნახევარი გადარიცხეს
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბანკების მიერ გამოყოფილი თანხა 577 ათას ლარს შეადგენს. ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს მიხეილ დუნდუას მიაჩნია, რომ კომერციულმა ბანკებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საშუალო დღიური მოგების ნახევარი გაიღეს.
მისი თქმით, წელს, იანვარ-მაისის პერიოდში, კომერციული ბანკების მოგება ისტორიულ მაქსიმუმზეა. თუ გავითვალისწინებთ დოკუმენტს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, სადაც კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებელია ნაჩვენები, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ბანკებმა 581 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს და 527 მილიონით მეტი ხარჯი გასწიეს. შედეგად გაიზარდა მათი მოგებაც. ბანკების წმინდა მოგებამ 185 მილიონ 577 ათასი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება.
ექსპერტი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად წმინდა მოგებიდან 577 ათასი ლარი გადარიცხეს, ხოლო 185 მილიონი მათ განკარგულებაში დარჩა. მისი თქმით, დასახმარებლად გადარიცხული თანხა ბანკების მოგების 0,3%-ია. ეს იმ ფონზე, როდესაც იანვარ-მაისში ბანკებმა სესხებიდან 776 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო დეპოზიტების მომსახურებაზე 222 მილიონი დახარჯეს. ანუ ეკონომიკას მისცეს სამნახევარჯერ ნაკლები, ვიდრე ეკონომიკიდან „წამოიღეს“.
„კომერციულმა ბანკებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საშუალო დღიური მოგების ნახევარი გადარიცხეს. ეს არის კლასიკური მაჩვენებელიც, შეგვიძლია დავადასტუროთ. საინტერესო არის, რომ 185 მილიონ 577 ათასი არის ბანკების მოგება და სწორედ დაზარალებულთა დასახმარებლად 577 ათასი ლარი გადარიცხეს, ანუ ზუსტად ემთხვევა ეს ბოლო ანგარიშის დაბოლოება ერთმანეთს. ეს არ არის არანაირი არსებითი მაჩვენებელი, უბრალოდ დამთხვევაა საინტერესო. მთავარი ის არის, რომ ვალუტის დევალვაციის ფონზე კომერციული ბანკების მოგება კოლოსალურად გაიზარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროცენტო შემოსავლები, რომლებიც სესხებიდან შემოსულ თანხებს გულისხმობს, გასესხებულ თანხებს, აგრეთვე განსაკუთრებულად გაიზარდა არასაპროცენტო შემოსავლები. კონკრეტულად რამ განაპირობა, რა ოპერაციებმა განახორციელა საპროცენტო შემოსავლების ზრდა, ამის დადგენა შეუძლებელია იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირებულია ეგრეთ წოდებულ სხვა არასაპროცენტო შემოსავლების მუხლში“, – აცხადებს „კვირასთან“ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დონდუა.
ცნობისათვის: ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმეტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ბანკებმა 581 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს და 527 მილიონით მეტი ხარჯი გასწიეს. შედეგად გაიზარდა მათი მოგებაც. იანვარ-მაისში ბანკების საბალანსო მოგებამ 216 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს. გადახდილი გადასახადების მოცულობამ 27 მილიონი ლარი შეადგინა, გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა თითქმის 4 მილიონს მიაღწია. შედეგად, ბანკების წმინდა მოგებამ 185 მილიონ 577 ათასი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება.