“გოგა ონიანი ახლად დაბადებულ ბეჰემოთს არ ჰგავს? სულ მეშინია, არ შეეშალოთ და რამე არ ესროლონ“
პოეტი რეზო ამაშუკელი ადვოკატ გოგა ონიანს ახლად დაბადებულ ბეჰემოთს ადარებს. ამაშუკელი გაზეთ “კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც აკრიტიკებს.
“მიუხედავად იმისა, რომ „ნაცების“ ზოოპარკის მთავარი დირექტორი ოდესაშია, სულ ვიცი, აქ რამდენი ნაცია დარჩენილი. გოგა ონიანი რომაა, ეგ 26 მაისის ზონდერი, ვინც განაცხადა, გადადგეს ღარიბაშვილიო, არ ჰგავს ახლად დაბადებულ ბეჰემოთს? სულ მეშინია, არ შეეშალოთ და რამე არ ესროლონ! გარდა ამისა, მე, პოეტ კაცს, რატომ უნდა მეწყინოს ვინმეს ციხიდან გამოსვლა და არც მწყენია, ალასანიას ხალხს ვგულისხმობ, მაგრამ დაჭერობანას ნუ მეთამაშებით და ნუ იძლევით იმის საბაბს, რომ მერე თვალებში გვაფურთხონ!
ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე უსუფაშვილი უნდა გადმოიყვანონ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილას და მე ერთ რამეს ვიტყვი, ცნობილია ჩემი დამოკიდებულება „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ და, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, და ვაცხადებ ხელისუფლების გასაგებად: თუ ასე მოხდა, პირდაპირ დაიწყება სისხლისღვრა საქართველოში! გულწრფელად გეუბნები, მე ამათთან საუბარი დავასრულე და ვინც შემეხება, ღორივით გავაგორებ, აქამდე მიმიყვანეს! ხმამაღლა ვუმეორე იმას, ვისაც ეს ეხება: ცეცხლს ნუ ეთამაშებიან!
მთელმა საქართველომ ნახა, ყელამდე ტალახში ამოსვრილი პრემიერი და კალაძე და ამ დროს ვრცელდება ფოტო, სადაც ეს ოთხი „ნაციონალი“ დგას, ეს წიკლაურები და სურათებს იღებენ სუფთები! ერთი პეშვი ტალახი რომ არ აქვთ მიკარებული, იმ ვეფხვივით“, -აცხადებს რეზო ამაშუკელი.