საქართველოს პრეზიდენტი GLOBSEC-ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად, დღეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავაში გაემგზავრება, სადაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობას მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ერთ-ერთ უმთავრეს კონფერენციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ჩაბმულობით მსოფლიო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად ფიგურირებდეს ის საჭირბოროტო საკითხები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე – „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ (Tremor Zone: Strategies in Europe’s Neighbourhood) – სიტყვით გამოვა. ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან ერთად მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უმთავრეს საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი და მნიშვნელობა ევროპისათვის.
ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის სლოვაკეთის პრეზიდენტთან. ასევე დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა სენატორ მაკკეინთან. სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი, 19 ივნისს, საქართველო სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნესფორუმს გახსნის, რომელშიც ქართული მხრიდან ოცდაათამდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.