თინათინ ხიდაშელი: ბულგარეთი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი ქვეყანაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა. თინათინ ხიდაშელისა და როსენ პლევნელიევის შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებს.
ბულგარეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა დახმარება აღმოუჩინოს ქართულ მხარეს ყველა საჭირო ფორმატში.
მისი თქმით, ბულგარეთი მზადაა, ნატოში საქართველოს მეგობართა ჯგუფში ჩაერთოს, რათა უფრო ნათელი გახდეს მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ. როსენ პლევნელიევმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. „ბულგარეთი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი ქვეყანაა, შავი ზღვის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და გვხდის ევროპულ სახელმწიფოდ. მე ვთხოვე ბულგარეთის პრეზიდენტს იყოს იმ ჯგუფის თანამონაწილე, რომლის ფორმირებასაც ვგეგმავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ავტორიტეტის მქონე და ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს თანხმობას, რომ თავადაც იქნება ჩართული ამ ჯგუფის საქმიანობაში. მათი სრული მხადაჭერა გვაქვს. ჩვენ ამოცანა განსაზღვრული გვაქვს – მივდივართ ვარშავის სამიტზე იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ MAP-ისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი, რომელიც ამ გზაზე ჩვენს გვერდში დადგება. ბულგარეთი ნამდვილად ასეთი იქნება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები