ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი კომისიის სხდომა გაიმართა

  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის მიზანი ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კოორდინირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაა. კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. კომისიის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილია მინისტრის მოადგილეებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისგან, ასევე საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. „დღეს თითქმის არ არსებობს რეფორმა, რომელიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვან კომპონენტს არ მოიაზრებდეს საკუთარ თავში. ასეთია დღევანდელი განვითარებული სამყაროს გამოწვევა, რომელსაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ფეხი უნდა ავუწყოთ. ელექტრონული მმართველობის განხორციელება წარმოუდგენელია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გარეშე. ამ სისტემების დანერგვას, გამოყენებასა და განვითარებას შესაბამისი პროფილის პროფესიონალი კადრი ესაჭიროება. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფი კომპიუტერიზაცია და ხარისხიანი ინტერნეტის გავრცელების არეალის გაფართოება, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. სწორედ ამ საკითხების კოორდინაციისთვის შეიქმნა და სამომავლოდაც გააგრძელებს მუშაობას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა. “ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კოორდინირებით შეიქმნა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სისტემების თავსებადობა და ამ უწყებებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის მოქნილი პლატფორმის ამოქმედება. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნამ თავის მხრივ განაპირობა სხვადასხვა ელექტორნული მომსახურების ამოქმედება, რომელთა აქტიური გამოყენებაც კომფორტს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე დიდი ფინანსური დანაზოგი მოქვს მთავრობისთვის. ელ-მმართველობა საქართველოს კანონმდებლობით განმარტებულია, როგორც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საჯარო მმართველობის განხორციელების საშუალება. საქართველოში ამის წარმატებული მაგალითია მოქალაქის პორტალი „MY.GOV.GE“, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების რეფორმა, საბაჟო და საგადასახადო სისტემების ოპტიმიზაცია, აგრეთვე ის ახალი მომსახურების სახეები, რომელებიც დაინერგა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები