„შესაძლებელია, სხდომების გამცდენი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის სხდომების ყველაზე გამცდენი დეპუტატების სია გამოაქვეყნა. არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, აღნიშნული დეპუტატების პასუხიმგებლობის დაყენების – საკითხზე “კვირასთან“ კონსტიტუციონალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ჩოკორაია საუბრობს.
როგორც ჩოკორაია აცხადებს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შესაძლებელია, ასეთი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს. თუმცა კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ფორმალურად ამის გაკეთება რთულია.
„შევახსენებ ყველას, რომ საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას. თითოეული პარლამენტარის მოვალეოობაა, ამ ფუნქციების ფარგლებში იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში. ყველანი ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეა დეპუტატობა, ეს არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შესაძლებელია ასეთი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს, თუმცა ფორმალურად ამის გაკეთება რთულია. ოთხი თვის განმავლობაში პარლამენტის სხდომებში არ მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, ოთხ თვეში ერთხელ სხდომაზე დასწრებით, რაც, რა თქმა უნდა, სამართლებრივად დასაშვებია, თუმცა პოლიტიკურად მოქალაქეების შეურაცხყოფას ნიშნავს. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, დეპუტატის მხრიდან საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობისას აუცილებლად გამოხატავს პოზიციას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 60 სხდომის გაცდენა, უკვე სამი სესიის გაცდენას ნიშნავს. წარმოდგენილი სიის საათავებთან ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკიაა, რომელმაც 91 სხდომა გააცდინა, ეს კი დაახლოებით ხუთი სესიაა. (ახალი მოწვევის პარლამენტში ექვსი სესია ჩატარდა სულ).
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ხობის გულშემატკივარი ადამიანი ვეკითები გოდერძი ბუკიას, რას აკეთებდა ის ამ ხნის განმავლობაში და რატომ არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას? მე მაქვს კითხვა ხობელებთან, ასეთიი ტიპის მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს თუ არა მომავალში ხობს? პასუხი ცალსახაა და ძალიან მარტივი, 2016 წელს თავად ხობის ამომრჩეველი დაიწყებს პოლიტიკური კულტურის ცვლილებას საქართველოში და დაამთავრებს გოდერძი ბუკიას ფორმალურ დეპუტატობას, ახალი კვალიფიციური, აქტიური დეპუტატის არჩევით“, – აცხადებს “კვირასთან“ საუბრისას კოტე ჩოკორაია.
კონსტიტუციონალისტის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სწორედ მაჟორიტარები არიან ყველაზე გამცდენი დეპუტატები. მისი თქმით, ეს გარემოება კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ საარჩევნო სისტემა საქართველოში შეცვლას საჭიროებს.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მაჟორიტარები არიან ყველაზე გამცდენი დეპუტატები, მაჟორიტარები რომლებიც საკუთარი ფინანსური რესურსებით პატარა ფეოდალებად იქცნენ, ასეთი ფორმით პირდაპირ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს. არჩევნებს კი იგებენ ისინი, ვისაც მეტი ფული აქვთ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს საქართველოში“, – განაცხადა კონსტიტუციონალიტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ჩოკორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები