ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო. EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას იხდის იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრმა თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ორგანიზებაში შეიტანა. ამავე წერილში სუმა ჩაკრაბარტი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის თბილისში იმ გულთბილი მიღებისა და კეთილგანწყობისათვის, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეხვედრის მასპინძელი იყო.
„დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ პირადად შეიტანეთ თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ორგანიზებაში. ჩვენთვის საპატიოა, რომ თქვენ პირადად მიიღეთ მონაწილეობა ამ შეხვედრის საკვანძო ღონისძიებებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ დადებითად აფასებთ ჩვენი ბანკის საქმიანობას საქართველოში, რაც აისახა კიდეც თქვენს გამოსვლებში მმართველი საბჭოს გახსნით სესიაზე და მმართველთა სახელით გამართული მიღების დროს. ყოველწლიურმა შეხვედრამ მისცა მონაწილეებს შესაძლებლობა, განეხილათ ეკონომიკური და საინვესტიციო საკითხები, რომლებსაც გავლენა აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე რეგიონში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მკაფიო გზავნილი მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო პროგნოზების სესიაზე იმის შესახებ, რომ საქართველოში შეინიშნება პიზიტიური ძვრები და ხორციელდება ფართომასშტაბიანი რეფორმები, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შემდგომი ინვესტირებისთვის.
ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. მადლობას მოვახსენებ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს ამ წარმატებული ღონისძიების მოწყობაში შეტანილი წვლილისთვის. კერძოდ, მადლობა მინისტრ ნოდარ ხადურს მოსამზადებელი სამუშაოების ზედამხედველობისთვის, მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი თაბუაშვილს და მინისტრის მოადგილეს, დავით ლეჟავას პირველივე დღიდან გაწეული დიდი მხარდაჭერისთვის, მერს – დავით ნარმანიას ქალაქ თბილისში ინფრასტრუქტურისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების უზრუნველყოფისთვის, ასევე გიორგი ხანიშვილსა და თეა მირიანაშვილს პროექტის უზადო მენეჯმენტისა და შეხვედრის იდეალურად მომზადებისთვის. დაბოლოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეთა სახელით, მადლობას მოგახსენებთ თბილისში გულთბილი მიღებისა და კეთილგანწყობისათვის. მადლობა საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის“ – ნათქვამია EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები