„იმით, რომ თბილისელების არჩეული დეპუტატები ვერ ახორციელებენ ზედამხედველობას ქალაქის ქონებაზე, კორუფციისთვის ნოყიერ ნიადაგს ვიღებთ“
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამაზ შოშიაშვილი ეჭვობს, რომ ინიციატივა, რომლითაც დედაქალაქის ქონების განკარგვაზე საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ზედამხედველობის საშუალება, კორუფციას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ შოშიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, საკრებულო ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ვერ განახორციელებს კონტროლს ქონების გასხვისებაზე.
„მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტების დედაქალაქის საკრებულოსთან შეთანხმების შესახებ მე- 20 მუხლი ბიუჯეტიდან ამოიღეს. მერიამ ეს ამოიღო და ის, თუ რა თანხები იხარჯება პროექტებზე, ჩვენთვის ცნობილი პროექტის განხორციელების შემდეგ ხდება. გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქონების განკარგვაზე საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს საკრებულოს არანაირი ზედამხედველობის საშუალება. ყურადღებამისაქცევია ის, რომ თბილისელების მიერ არჩეული დეპუტატები ვერ ახორციელებენ ზედამხედველობას ქალაქის თვითმმართველობის ქონებაზე. ამ ქმედებით საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ვიღებთ კორუფციისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ქალაქის ქონება ძალიან დაბალ ფასში, ან სულაც ერთ ლარად გადაცემული იყოს იმ ადამიანებზე, ვისაც ჩინოვნიკები მოინდომებენ“, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.