„ბიუჯეტის შეკვეცისას რეალური რესურსი იყო, რომ მერიას თანხები 10-15 მილიონით შეემცირებინა, მაგრამ მთავრობა მაღალ პრემიებს ვერ ელევა“

„დედაქალაქის მერია საკუთარ კომფორტს, მაღალ სახელფასო დამანატებსა და პრემიებს ვერ ელევა და ბიუჯეტის კორექტირებისას, თანხები მხოლოდ 2,200 000 ლარით შეამცირა“,- აღნიშნული განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამაზ შოშიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
შოშიაშვილის განმარტებით, დაზოგილი თანხიდან 1,550 000 ლარი არის სადღესასწაულო პრემიების თანხა, რომელსაც მხოლოდ დაბალი რანგის თანამშრომლები იღებენ, რითაც, მისი თქმით, კარგად ჩანს ის, რომ მერიამ ქამრები დაბალი რანგის თანამშრომლებს შემოუჭირა.
„2 წლის განმავლობაში დედაქალაქში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხარჯებმა 10 მილიონი ლარით მოიმატა და, 80 მილიონი ლარის ნაცვლად, 90 მილიონი შეადგინა. ხოლო ამის შემდეგ ეგრეთ წოდებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის შედეგად, 2, 200 000- ით მცირდება თანხა და დღეს 87,800 000 ლარს შეადგენს. ეს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან დედაქალაქის მერმა და მისმა გუნდმა „ქამრები დაბალი და საშუალო რანგის თანამშრომლებს შემოუჭირეს“. 2, 200 000 ლარიდან, 1,550 000 ლარი არის სადღესასწაულო პრემიების შემცირებული თანხა, რომელსაც მხოლოდ დაბალი რანგის თანამშრომლები იღებენ. „ქამრები შემოეჭირათ“ ბაღის პედაგოგებს, მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს და სხვებს. თუმცა ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იქმნება ახალი სიპები და აიპები, ინიშნებიან „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლები, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნისას იმედი ვერ გაამართლეს. იქმნება სამსახურები, სადაც ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიონ ლარს. რისთვის არის ეს სამსახურები განკუთვნილი, მერია ვერ ასაბუთებს. ბიუჯეტში უნდა შემცირდეს აღმასრულებელი ორგანოს ხარჯები. ეს გახლავთ ხარჯები, რომლებიც გაწერილია ფუფუნების საგნებისთვის და დანამატებისთვის. ნარმანიამ ადმინისტრაციული თანხები საგრძნობლად გაზარდა, 2013 წელთან შედარებით, 400-მდე გაიზარდა უწყებაში მომუშავეთა რიცხოვნება, გაზრდილია მაღალჩინოსანთა პრემიებისა და დანამატების თანხები. არაფერს არ ნიშნავს, როდესაც თანხები 2 მილიონით მცირდება, რეალური რესურსი არსებობს იმისა, რომ თანხები 10-15 მილიონით მაინც შემცირებულიყო. მთავრობას უჭირს მაღალ პრემიებთან და დანამატებთან განშორება და ამ თანხებს ვერ თმობენ“, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები