გიორხელიძე სექსტურიზმზე საუბრობს: ჩაიხედეთ ღამის თბილისში, ასეთი რამეები ამსტერდამშიც არ ხდება

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ხელისუფლებას ურჩევს, არ შეარბილოს სავიზო რეგულაციები. როგორც გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ვიზების რეგულაციების შესუსტებით ქვეყანაში შემოსვლა არარეგულირებადი გახდება და საბოლოოდ თბილისი სექსტურიზმის ცენტრად იქცევა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს დაწესებული არარეგულირებული შემოსვლის გამო თბილისი მთელ ახლო აღმოსავლეთში აღიარებულია სექსტურიზმის ყველაზე ღია და იაფფასიან ცენტრად.
„მოდი, გავაღოთ ქვეყანა, რომ იქნებ ვიღაცები მოვიდნენ და მოგვიტანონ ფული. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ჩიხისკენ მიდის. ეს ეკონომიკური ზრდის არანაირ ფაქტორს არ წარმოდგენს. ქვეყანაში არარეგულირებული შემოსვლა უამრავ ნეგატიურ მოვლენას იწვევს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, არარეგულირებული შემოსვლის დროს რა კატეგორიის ხალხი შემოდიოდა და რა მიზნით. რა გვინდა, ბოლოს და ბოლოს? გვინდა თბილისი სექსტურიზმის ცენტრად იქცეს, ბორდელებით და უამრავი ასეთი დაწესებულებით გადაივსოს და ეს ფული ხელისუფლებამ შეირგოს? თუ ჯობს, რომ ხელისუფლებამ კვალიფიციური მაკროეკონომიკური პოლიტიკა განავითაროს? ერთია ტურიზმის განვითარება და მეორეა, მოვაღოთ კარები. სრული განუკითხაობა იყოს შემოსვლის თვალსაზრისით, – არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და იმ ეგრეთ წოდებული უაზრო ლიბერტარიანული შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც ოქთოდოქსიის დონეზე აქცია წინა ხელისუფლებამ, თუმცა ამას ის საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.

მანახეთ ქვეყნები, სად ხდება, რომ ვისაც, როცა უნდა, შევა. ეს მესამეხარისხოვან გასართობ, კაზინოებად და ბორდელებად ქცეულ ქვეყნებში ხდება. თბილისი მთელ ახლო აღმოსავლეთში აღიარებულია სექსტურიზმის ყველაზე ღია და იაფფასიან ცენტრად. ხელისუფლებას ვურჩევ, ჩაიხედეთ ღამის თბილისში, ასეთი რამეები ამსტერდამშიც არ ხდება. გამოიტანეთ რეფერენდუმზე ეს საკითხი და ჰკითხეთ ხალხს, უნდა თუ არა საქართველო იქცეს კაზინოების, ბორდელების და ათასი ნაყარის ცენტრად და ამ ფულით ირჩინოს თავი ქვეყანამ“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები