ოთარ დანელია: ყველა სოციალური დაზღვევის, ასევე თანადაფინასებასთან და შეღავათიან აგროკრედიტთან დაკავშირებული პროექტები გაგრძელდება
დაახლოებით ცნობილია, რამდენით შემცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ ამის გასაჯაროება ნაადრევია – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
დანელიას განმარტებით, ყველა სოციალური, დაზღვევის, ასევე თანადაფინასებასთან და შეღავათიან აგროკრედიტთან დაკავშირებული პროექტები გაგრძელდება.
“დაახლოებით ცნობილია, რამდენით შემცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ ამის გასაჯაროება ნაადრევია, რადგან საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ჩვენ ყველანი აღნიშნულს ვეკიდებით ისე, როგორც უნდა მოვეკიდოთ და შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ.
ისიც მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ რთული წელი იქნება, სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს დავალება. საკმაოდ არასტაბილურია რეგიონში არსებული ვითარება და ამან გამოიწვია ეკონომიკური მაჩვენებლების გადახედვა, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გველის მარტივი წელი. ეს, ბუნებრივია, გათავისებული გვაქვს და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ყველა სოციალური, დაზღვევის, ასევე თანადაფინანსებასთან და შეღავათიან აგროკრედიტთან დაკავშირებული პროექტები დარჩება უცვლელი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ამასთან, ოთარ დანელია მესამე კვარტალში, სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. მისი თქმით,სექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, განსაკუთრებით ევროპაში ექსპორტის ზრდის კუთხით.