რის ხარჯზე შემცირდება ხარჯები იუსტიციის სამინისტროში – წულუკიანის განმარტება
იუსტიციის სამინისტროში ხარჯები ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე შემცირდება – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე ასეთი პროექტიც დაასახელა.
“უკვე წინასწარ ვიცი, რომ ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო, მაგალითად, მცხეთის იუსტიციის სახლის თანხა, რომელიც აღარ აშენდება. ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო ნაწილობრივ ბორჯომის და თიანეთის იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები, რაც არ უნდა საჭირო იყოს ის სხვა მხრივ. ვეღარ აშენდება, სავარაუდოდ, ორი სოფლის სახლი საქართველოში, საჯარო რეესტრს მოუწევს, საკუთარი სათავო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად, 3 მილიონი – საკუთარი ეკონომია გადასცეს ბიუჯეტს და ა.შ. იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემთხვევაში, ეს, ძირითადად, იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე. რაც შეეხება ხელფასებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის იუსტიციაში, რომ არ შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ახალი თანამშრომლების აყვანა და ხელფასების გაზრდაზე საუბარი ჩემს შემთხვევაში ვერ იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ის პროექტები რაც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, ასეთივე მაღალი ხარისხით გააგრძელებს მუშაობას. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ოთხი სოფლის სახლი გაიხსნება ივნისში, ასევე -ოთხი სოფლის სახლი შემოდგომაზე, მაგრამ კიდევ ორი გადავა მომავალი წლისთვის.