კალაძე: მთის მინისტრის პოსტის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა იქნას მიღებული

მთის მინისტრის პოსტის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა იქნას მიღებული – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი,ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით.

“ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობ, რთული იქნება. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა განისაზღვროს დადებითი და უარყოფითი მხარეები და, შესაბამისად, შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ “მთის შესახებ კანონს”, როგორც კალაძემ განმარტა, ამ ცვლილებებს მთის სამინისტროსთან კავშირი არაფერი აქვს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, რომ სოფლებში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი ცდილობს, დატოვოს თავისი სოფლები, წამოვიდნენ ქალაქში, ქვეყნისთვის წარმოადგენს დიდ პრობლემას. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიდგომაა, ხელი შეუწყოს იქ მცხოვრებ ადამიანებს.

“მთის სამინისტროსთან არაფერი კავშირი აქვს იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული. გადაგზავნილია პარლამენტში, სადაც აუცილებლად მოხდება მსჯელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ვიცით, რომ იქ მცხოვრებლების დიდი ნაწილი ცდილობს, დატოვონ თავიანთი სოფლები, წამოვიდნენ ქალაქში. ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ არის გარკვეული მიდგომები მთაში მცხოვრებლებისთვის, იქნება ეს დახმარება, იქნება ეს ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ შევძლოთ და იქ მცხოვრები ადამიანები შევინარჩუნოთ ადგილზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები