საუდის არაბეთის პრინცი: მოუთმენლად ველოდები ინვესტიციების ჩადებას საქართველოში
საუდის არაბეთის პრინცის ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის განცხადებით, მისი საქართველოში ყოფნის მიზეზი ფინანსური ინტერესებია. როგორც პრინცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მოუთმენლად ელოდება ინვესტიციების ჩადებას საქართველოში.
“ჩემთვის დიდი პატივია, ჩამოვსულიყავი საქართველოში. ჩვენს შორის საინტერესო საუბარი შედგა. განვიხილეთ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მართლაც არსებობს შესაძლებლობა, დავაახლოვოთ ჩვენი ორი ქვეყანა – უფრო ახლო ურთიერთობა განვავითაროთ. ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი გახლავთ ფინანსური ინტერესები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების ჩადებას თქვენს ქვეყანაში”, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.
მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე არსებული სტაბილურობა მისასალმებელია.