სააკაშვილმა ოდესის ოლქის განვითარების სამეტაპიანი პროგრამა წარადგინა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მხარის განვითარების სამეტაპიანი პროგრამა წარადგინა. პროგრამის დეტალებზე მან ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პროგრამა სამ ეტაპს მოიცავს – 50-დღიანს, 100- დღიანს და 6-თვიანს. ასე, მაგალითად, 50-დღიანი პროგრამა ოდესის ოლქის 26 რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე, სააკაშვილის თქმით, აუცილებელია ოდესის საბაჟოს რეორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელის შერჩევა.
„ზოგ-ზოგიერთებს სურდათ საბაჟოს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, მაგრამ მე ეს პროცესი შევაჩერე. უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე კონკურსი. როგორც დავადგინე, ოდესის საბაჟოზე ქურდობის გამო ბიუჯეტს ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარი აკლდება“, – ამბობს სააკაშვილი.
პროგრამა ითვალისწინებს ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის ელექტონულ სისტემას. 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული სერვისის ახალი ცენტრი ამოქმედდება, სადაც 260 სხვადასხვა სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი. საბუთის მიღება აქ 1-დან 10 დღემდე ვადაში იქნება შესაძლებელი. სააკაშვილის პროგრამა ასევე ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის რეორგანიზაციას გულისხმობს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ახლა იქ 800 ადამიანი მუშოაბს. ასევე იგეგმება ობიექტების გამჭვირვალე პრივატიზაცია. „პირველად უკრაინაში შეიქმნება საბაჟო მართვის ცენტრი. ასეთივე ჩვენ საქართველოში შევქმენით. მისი მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზე მაღალია“, – აცხადებს ოდესის გუბერნატორი.
მისი თქმით, ყველაფერი ჩამოთვლილი კორუფციის აღმოფხვრისკენ არის მიმართული, რომელიც რეგიონში მთავარი პრობლემაა. „მას შემდეგ, რაც კორუფციას დავამარცხებთ, აქ სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.