ადეიშვილის მორიგი აღიარება – შეუძლებელია რამის დამალვა, მაშინ როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელონ იგივე ინფორმაცია
„შეუძლებელია რამის დამალვა, მით უმეტეს ძალიან პატარა ქვეყანაში, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელონ იგივე ინფორმაცია“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის კითხვას, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს მედიის თავისუფლების საკითხს ეხებოდა.
როგორც ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების დროს იყო ილუზია, რომ თუ რაიმე ფაქტს დამალავდი და არ გაშუქდებოდა, ეს ხელისუფლებისთვის კარგი იქნებოდა.
“აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მედიას გარკვეული პრობლემები აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ახალი დემოკრატიები. ხშირ შემთხვევაში არსებობს ილუზიები, რომ თუ რომელიმე მოვლენის ან ფაქტის გაშუქება არ მოხდება, ეს არის კარგი ხელისუფლებისთვის და შესაბამისად ზიანი ხელისუფლებისთვის არის ნაკლები. მე მგონი ეს არის ნამდვილად ილუზია, რადგან შეუძლებელია რამის დამალვა, მით უმეტეს ძალიან პატარა ქვეყანაში, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელონ იგივე ინფორმაცია. თუ ვინმეს აქვს ამის ილუზია ან ძველ ან ახალი ხელისუფლებაში, ეს არის არასწორი”, – აღნიშნა ადეიშვილმა.