რისი გაკეთება ვერ მოახერხა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ – ადეიშვილის მორიგი აღიარება

შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, თითქმის, ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანას გააჩნია.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მთავარი ნაბიჯი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის გადაიდგა, სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება იყო.

“შეუძლებელია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე. ზოგადად, პრობლემები დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სასამართლოებში ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანას ახასიათებს. მათ შორის ეს პრობლემები იდგა ჩვენს დროსაც, ეს პრობლემები დგას დღესაც. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მთავარი პრობლემა რაც იყო სასამართლო სიტემაში, იყო კორუფციის აღმოფხვრა და შესაბამისად, სწორედ ჩვენი ამოცანა იყო, რომ გადაგვეხალისებინა სასამართლო და მიგვეღო არაკორუფციული, რაც ჩვენ შევძელით“, – განაცხადა ადეიშვილმა.

ამავე ინტერვიუში ყოფილმა მინისტრმა სასამართლო სისტემაში განუხორციელებელ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ, სასამართლოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოყოფის საკითხი იყო.

ადეიშვილს მიაჩნია, რომ რეფორმები, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხდება, ვინაიდან, მისივე თქმით, სასამართლოსა და პროკურატურაში საერთო შეხედულებების ხალხი მიდის და მათი გამოისობით იცვლება სასამართლო სისტემაც.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა ზემოაღნიშნულის შანსს კარგავს.

„რაც ვერ შევძელით, იყო ის, რომ გაგვეკეთებინა მეორე ეტაპი სასამართლოში და არა მარტო სასამართლოში, არამედ ყველა სამართალდამცავ ორგანოში, რომ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად გამოსულიყო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, მაგალითად იგივე, პროკურატურა, რომელიც საქართველოში დღესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედის, აუცილებელია, რომ ისიც იყოს სასამართლო ხელისფლების ნაწილი, მასზე არ ვრცელდებოდეს არანაირი პოლიტიური ზეგავლენები და დამოუკიდებლად, თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ როდესაც რეფორმა ტარდება, ძირითადად, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, სასამართლოშიც და პროკურატურაშიც მიდის ხალხი, რომელსაც საერთო ფასეულობები აქვს, რადგან ახალი რეფორმის შედეგად სწორედ ასე ხდებოდა. ყველაზე კარგი მეთოდი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და სწორედ ასე მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში, არის მხოლოდ ხელისუფლების ცვლის შემდეგ შესაძლებელი, ამის მერე ჩნდება ხოლმე ეს შანსი. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველო ამ შანსს კარგავს”, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები