გიგა ბუკია: მარიხუანის მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის

მარიხუანის მოხმარების გამო ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც გაღიმებული დადის – “დაბოლდა” ერთხელ და ვერ “გამოვიდა”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

დეპუტატის თქმით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის “ციხეში ალპობენ”.

ბუკიას განმარტებით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკების მოხმარების პირველ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება და პირი 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო ყველა სხვა განმეორებით შემთხვევაში, მომხმარებელი ისჯება “სისხლის სამართლის კოდექსის” წესით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 0-დან 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

“რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ძირითადი აზრი, რაც მუსირებს და აქციაზეც გაჟღერდა, არის ის, რომ “ვეწევი, სხვას რა ვუშავებ”.

ცდილობენ, შექმნან რომანტიკული საბურველი, რომ თითქოს მოწევა არის თავისუფალი, ამით არაფერი დანაშაული არ ხდება – ზიანს არ აყენებს არც თავის თავს, არც საზოგადოებას და მათი გადასაწყვეტია. საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სუიციდის მცდელობაც კი კანონით ისჯება და საუბარიც ზედმეტია, ადამიანმა თქვას, შემიძლია ჩემი სიცოცხლე ხელვყო და რა შუაშია აქ სახელმწიფო. ასე ვერ არის, რადგან თითოეული ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედება საკუთარ თავზე, თუ საზოგადოებაზე შესაბამის ქმედებებს იწვევს. ჩვენი მხრიდან ასე ვერ იქნება დანახული, როდესაც ანაშას თუ მარიხუანის გაბოლების იქით, ბევრი პრობლემახდება. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ნარკოტიკის სხვა ფორმით გამოყენება – მოხარშვა, მანაგუა – მთელი პროცედურები ტარდება და ეს არის ბევრად უფრო მძიმე ნარკოტიკი, ვიდრე სხვა ქვეყანაში გავრცელებული ნარკოტიკები. ასევე ხდება მათი ქიმიურად დამუშავება – აცეტონით თუ სხვა პროცედურების გამოყენებით”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

გიგა ბუკიამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და მეზობელი სახელმწიფოების გამოცდილებაზე ისაუბრა, წარმოადგინა მათი კანონმდებლობა, რომელთა მიხედვითაც, ნარკოტიკების, მათ შორის კანაფის მოხმარებისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები