თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას პასუხობს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არ ეთანხმება ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.
როგორც მეჭიაურმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, დისკუსიებისთვის მზაობა, რომ კანონპროექტი კიდევ უფრო დახვეწილიყო, აქამდეც არსებობდა.
“არ ვიზიარებ განცხადებას, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, რაც შეეხება დისკუსიებს კანონპროექტთან დაკავშირებით ამის მზაობა ისედაც არსებობს ჩვენი მხრიდან“, – განუცხადა „კვირას“ თამაზ მეჭიაურმა. გიორგი აბაშიშვილის კიდევ ერთ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს, მეჭიაური ამბობს, რომ ვეტოს გამოყენების უფლება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. აბაშიშვილმა კანონპროექტის ავტორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით კონსულტაციების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ამასთან, გიორგი აბაშიშვილი ადასტურებს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს.