რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა – ვახტანგ კაპანაძე
“რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა”,- ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
როგორც კაპანაძემ ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალთან ჟან-პოლ პალომეროსსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი გეგმა, რომელსაც მიჰყვება და მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან.
“რაც უნდა მტკივნეული იყოს, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, აქვს დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები და სამხედრო პოლიტიკური ხედვები. ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ვიყოთ იმ პარტნიორებთან, ვისთანაც ჩავთვლით საჭიროდ, განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ”, – დასძინა კაპანაძემ.