„ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა შესაძლოა, აღმასრულებელ მთავრობაში გადაინაცვლოს
პარტია „ქართული ოცნება“ პარტიული სტრუქტურის გაძლიერებსა და პარტიის იდეოლოგიაზე მუშაობას იწყებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. მაღრაძის განცხადებით,პარტია თავის დროზე საკმაოდ ფორსმაჟორულ ვითარებაში შეიქმნა, რის გამოც მასში სიჭრელე და იდეოლოგიური კუთხით მუშაობის დეფიციტი იყო.
დეპუტატის განცხადებით, პარტია იმუშავებს იმ კუთხითაც, რომ ძლიერი რეგიონული ორგანიზაციები შექმნას, რომელიც როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე პარტიის ცენტრის საყრდენი იქნება.
„პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ფაქტობრივად 2-3 თვით ადრე შეიქმნა, გამარჯვებულ პარტიაში, მოგეხსენებათ, ყველას უნდა შესვლა. ამიტომ ჭრელი იყო, რამდენჯერმე შეიცვალა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ჩვენ დავიწყეთ სერიოზული მუშაობა პარტიის იდეოლოგიის კუთხით, კობახიძემ წარმოადგინა იდეოლოგიური და ორგანიზაციული ხედვა.ზაფხულის განმავლობაში პარტიის აღმასრულებელი წევრები მუშაობენ, სექტემბრიდან უკვე დეპუტატები და პარტიის პოპულარული წევრები ინტენსიურად ჩავერთვებით იმაში, რომ რაიონებში ჩავიდეთ და ხალხს დავეხმაროთ, გააცნობიერონ, რა არის „ქართული ოცნება“, როგორც პარტია. აუცილებელია რაიონებში გვყავდეს ისეთი პარტიული ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ და იქაური მაცხოვრებლები დაეყრდნობიან.უნდა გვყავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პარტიის და იდეოლოგიის ერთგულები არიან“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ მთავრობაში ცვლილებებს, მაღრაძის განცხადებით, არიან ადამიანები, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალიან კარგად იმუშავებენ, ამიტომ, საჭიროებისამებრ, დეპუტატები მზად არიან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლონ.
„ თუკი აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული მიმართულებით გაძლიერება იქნება საჭირო იმ დეპუტატების ხარჯზე, რომლებიც უფრო უკეთესად იმუშავებენ კონკრეტულ პოსტებზე, მაშინ დეპუტატების ნაწილი აღმასრულებელ მთავრობაში გადავა, თუმცა წინასწარ ამის დაზუსტებით თქმა ძალიან ძნელია“,- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.