„მაჟორიტარები დეპუტატობით თავიანთ ბიზნესს ლობირებენ“
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე სახელისუფლებო კოალიციაში შემავალ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. როგორც კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, იმისთვის რომ ცვლილება პარლამენტში დარეგისტრირდეს, დამატებით 17 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო.
კაციტაძის განცხადებით, პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც თავიანთი მაჟორიტარობით საკუთარ ბიზნესებს ლობირებენ.
„საკონსტიტუციო ცვლილებაზე 59 დეპუტატის ხელმოწერაა გაკეთებული, მთლიანობაში ინიციატივის გასაფორმებლად 76 ხელმოწერაა საჭირო. არცერთი ხელმოწერა არ არის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, რომელთა საერთო რაოდენობა პარლამენტში 87 დეპუტატს შეადგენს. საკმარისია კოალიციიდან 17 დეპუტატის ხელმოწერა და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება დარეგისტრირდება. მინდა მოვუწოდო სახელისუფლებო კოალიციაში შემავალ ფრაქციებს, თითოეულ დეპუტატს, გაიაზრონ, რასთან აქვთ საქმე, მივმართავ მათ, ვინც მრავალი წელი იბრძოდა მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად, დღეს არის ის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი საქართველოს პარლამენტში დაიწყოს. დღეს ხელისუფლების, მმართველი კოალიციის ლიდერები იმიზეზებენ, რომ პარლამენტში არიან მაჟორიტარები, რომელთა ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ 2016 წელს ამ სისტემას ვერ ვაუქმებთ. არანაირი მაჟორიტარის პრობლემა დღეს არ არსებობს, არის 10 -12, მაქსიმუმ 15 კაცი. მაჟორიტარი რომელიც ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ არის არჩეული თავისი რაიონიდან, ეს ადამიანები დეპუტატობით საკუთარ ბიზნესებს ლობირებენ. დანარჩენები არიან ან პოლიტიკოსი მაჟორიტარები ან პროპორციულით არჩეულები, რომლებიც ამ სისტემით ცდილობენ, დაბალი რეიტინგით ბევრი მანდატის მოპოვების შესაძლებლობა გაიხანგრძლივონ. ხელისუფლება ცდილობს, ნაკლები რეიტინგის პირობებში მეტი მანდატი მიიღოს“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.