„პარტიისთვის, რომელსაც არ გააჩნია ავტორიტეტი და ინდმეწარმის დონეზეა დარჩენილი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის არჩევნები იქნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გააკრიტიკა და მათ ოპონენტების ლანღვით პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მცდელობაში დასდო ბრალი. როგორც ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მთლიანად მაჟორიტარულ სიტემაზე გადასვლა დღეს ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება და არც საკონტიტუციო ცვლილებები მოესწრება.
ვოლსკიმ პარტიების მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილა და მათში პრეზიდენტის ჩართულობაზე ისაუბრა. მანვე პარტიებს დაბალი რეიტინგი შეახსენა და აღნიშნა, რომ ზოგი პარტია მხოლოდ ინდმეწარმის დონეზეა დარჩენილი.
„ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უპრეცედენტო კონსენსუსზე საუბრობს, რომელსაც, მათი თქმით, სათავეში პრეზიდენტი უდგას, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობაა, გარკვეული არბიტრის როლი შეასრულოს. არ შეიძლება, ვილაპარაკოთ სრულ კონსენსუსზე, როდესაც საპარლამენტო საკმაოდ გავლენიანი კოალიცია 5 პარტიის შემადგენლობით, სხვა წინადადებით გამოდის. ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი სუსტი მხარე გააჩნია. ის, რომ, თითქოსდა, მაჟორიტარული სიტემა არ ვარგა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ადამიანს, არჩევის გარდა, აქვს უფლება, იყოს არჩეული. ამ პარტოკრატიულ სისტემაში იკარგება. ესე იგი, აუცილებლად რომელიმე პარტიის წევრი უნდა იყო, რომ აგირჩიონ. პროპაგანდა და სხვადასხვა ეპითეტით ოპონენტების შემკობა უღირსი საქციელია. ეს, საკითხის სიღრმისეულად განხილვის ნაცვლად, პარტიული დივიდენდების დაგროვების მცდელობაა. პარტიისთვის, რომელსაც არ გააჩნია ავტორიტეტი და ინდმეწარმის დონეზეა დარჩენილი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის არჩევნები იქნება, იქნება ეს პროპორციული თუ მაჟორიტარული. პარტიას უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი. პარტიები ფაქტობრივად აღარ დარჩა. არის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების ლანძღვის ხარჯზე დააგროვოს თავისი დივიდენდი. ჩვენ საარჩევნო ოლქების მაქსიმალური გათანაბრება მოვახდინეთ, ამის იქით საუბარი არც საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონია. ნებისმიერ პარტიულ მოღვაწეს იმ პირობებში, როდესაც 50% არის ბარიერი, შეუძლია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვოს. დღესდღეობით არის ის საფრთხე, რომ თუ მთლიანად პროპორციულია სისტემა, ადამიანი, რომელიც, მაგალითად, ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონიდან, ყაზბეგიდან უნდა იყოს პარლამენტარი, ეს ადამიანი რომ მოხვდეს პროპორციულით პარლამენტში, მას უკვე საქართველო უნდა იცნობდეს. ეს დრო უნდა დადგეს საქართველოში და ამ პირობებში იქნება მიზანშეწონილი პროპორციული არჩევნები. საკონსტიტუციო ცვლილებები ამჟამად ვერც მოესწრება“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები