გიორგი მარგველაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენ ჩანგჭის ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.
პრეზიდენტის პრესსამსახურისინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ის მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე არსებობს.
ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ხაზი გაესვა გლობალური სტრატეგიული პროექტის „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობას და სამომავლოდ მისი როლის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ხოლო კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით, აღინიშნა ის მრავალრიცხოვანი პროექტები, რომლებსაც ჩინეთის საელჩო ახორციელებს საქართველოში.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ. ასევე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.