ბრუნო ბალვანერა: საქართველო კორუფციისგან თავისუფალია

საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, რაც უნიკალური შემთხვევაა რეგიონში, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისვე თქმით, აღსანიშნავია სანდო სასამართლო სისტემაც, გამარ¬თული საბანკო სისტემა და ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც ადგილობრივი მენეჯერების ძალისხმევით შეიქმნა.
“საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, რაც უნიკალური შემთხვევაა რეგიონში. აქ არ გდევნით პოლიცია ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებსაც გადავავლებთ თვალს, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის, კონკურენტუნარიანობისა და კორუფციის რეიტინგებში რეგიონში მოწინავეა. აღსანიშნავია სანდო სასამართლო სისტემაც, გამართული საბანკო სისტემა და ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც ადგილობრივი მენეჯერების ძალისხმევით შეიქმნა. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა. ეს აღფრთოვანებას იწვევს და იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორების ინტერესებიც კი. ყოველივე ამის უკან გამართული საკანონმდებლო სისტემა, მყარი საბანკო სისტემა და კორპორაციული მმართველობა დგას. ეს ყოველივე მაგალითია იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგ პოზიციაშია. თუმცა, ეს არ ასახულა ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დროის საკითხია.საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც, მაგალითად, კაპიტალის ბაზარია. საბანკო სისტემა გამართულია, თუმცა, მას ჯერაც სჭირდება სწორად მოქმედი საფონდო ბირჟა კორპორაციული ობლიგაციებით ადგილობრივ ბაზარზე. რეფორმებია საჭირო ასევე საპენსიო სფეროში ჩვენ ქვეყნის დანაზოგების კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ, უნდა გვქონდეს გამართული სისტემა, რათა შევძლოთ მოქალაქეებისთვის პენსიის გადახდა მათი სამსახურიდან წასვლის შემდეგ. ასევე უნდა გატარდეს ანაბრებისა და მანქანების სავალდებულო დაზღვევის რეფორმა“,-აცხადებს ბრუნო ბალვანერა. კითხვაზე – რა პერსპექტივა აქვს ქართულ პროდუქტს ევროპულ ბაზარზე და რა სექტორებს აქვთ პოტენციალი ევროპაში? ბალვანერა აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შემოიტანოს ტექნოლოგიები და უფრო მნიშვნელოვანია სასოფლო მიწების გაზრდა.
“ ერთ-ერთი მთავარი სფერო სოფლის მეურნეობაა – საქართველო დალოცვილია ნაყოფიერი მიწით, შესანიშნავი ამინდითა და წყლით, თუმცა ჯერაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების 50% იმპორტირებულია. საქართველომ უნდა შემოიტანოს ტექნოლოგიები და უფრო მნიშვნელოვანია სასოფლო მიწების გაზრდა… კიდევ ერთი პერსპექტიული სფერო ტურიზმია – საოცარი ქვეყანაა, მაგრამ მეტი საერთაშორისო კამპანია უნდა წარმართოთ მეტი ადამიანის მოსაზიდად, უნდა მოიცვათ სხვადასხვა სეგმენტი, მაგალითად, მთის კურორტები, ლაშქრობები, მონასტრების მონახულება, საზღვაო კურორტები. ქვეყანაში ყველამ უნდა შეძლოს ინგლისურად საუბარი. თუ ქვეყანას განვითარება უნდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია“,-აღნიშნავს ბალვანერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები