ირაკლი ნადირაძე: თბილისის მერიის ქვემდებარე 8 ორგანიზაციას სახელფასო დანამატები დაუწესდა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტში შესული ცვლილების შემდეგ, მერიის საკურაციო სფეროში მყოფ რამოდენიმე უწყებას სახელფასო და საპრემიო ფონდი გაეზარდა.
„დედაქალაქში არსებული პრობლემების ფონზე თბილისის მთავრობა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომელთა შემოსავლებს ზრდის’’, -განაცხადა ირაკლი ნადირაძემ და ამ უწყებებს შორის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დაასახელა.
მისივე ინფორმაციით, შემოსვლები თბილისის ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური პარკის, ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა და თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლებსაც გაეზარდათ.
„საერთო ჯამში, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, ხელფასების, პრემიებისა და დანამატების საერთო რაოდენობამ მილონ ლარს გადააჭარბა. შესაბამისად, ჩვენთვის ნათელია, რომ თბილისის მთავრობის მთავარი ამოცანა არა დედაქალაქზე და მის მოსახლეობაზე ზრუნვა, არამედ საკუთარი შემოსავლების გაზრდაა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.