„არმაზ ახვლედიანი პოლიტსაბჭოს წევრია, მაგრამ ფაქტობრივად პოლიტსაბჭოს განხილვებში არ მონაწილეობს“
პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პარტია არმაზ ახვლედიანის საკითხის განხილვას დაუბრუნდეს, თუმცა როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მას არ ჰგონია, რომ ბატონ არმაზს პარტიულ საკითხებზე მუშაობის წინაპირობა ან საფუძველი ჰქონდეს.
„მე არა მგონია, რომ ბატონ არმაზს პარტიულ საკითხებზე მუშაობის წინაპირობა ან საფუძველი ჰქონდეს. შეიძლება მისი საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ, ერთი ხელის მოსმით არ უნდა გადავწყვიტოთ ადამიანის ბედი, ის პოლიტსაბჭოს წევრია, მაგრამ ფაქტობრივად პოლიტსაბჭოს განხილვებში არ მონაწილეობს, მან „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ არაკორექტული განცხადება დაუშვა, თუმცა მთავარი არა არაკორექტულობა, არამედ განცხადების უსაფუძვლობა იყო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანმა არმაზ ახვლედიანმა უფლებამოსილება მარტში დროებით შეიჩერა. ამის მიზეზად ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასული ინტერვიუ სახელდება, სადაც ახვლედიანმა თქვა, რომ თუ დეპუტატები ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ, სანქციები დაუწესდებოდათ.
„ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ, თუნდაც ოდნავ, შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.