გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 10 მარტს მინისტრი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია მარგალიოსთან, ესპანეთში საქართველოს ელჩთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად ესპანეთის სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან ერთად ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა და საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის პრეზენტაცია სხვადასხვა სფეროს მიხედვით. ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები ესპანეთის სამეფოს ვაჭრობის სახელმწიფო მდივანსა და ესპანეთის სამეფოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ასევე საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენლებთან. საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტი შეიქმნება, რომლის ხელმოწერაც აღნიშნული ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი.