დავით საგანელიძე: მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლებისთვის ხშირად ყველაზე მომგებიანია, მაგრამ მაინც ვცვლით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თქმით, მაჟორიტარული არჩევნები უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც მას გარკვეული ტიპის ხარვეზები აქვს.
საგანელიძის თქმით, ეს არცერთმა ხელისუფლებამ არ გააკეთა, არსებულ ხელისუფლებას კი ამის ძალა და გამბედაობა ეყო.
” ზოგადად მაჟორიტარული არჩევნები იმ ტიპის, როგორიც იყო უნდა გაუქმებულიყო, იმას თავისი გარკვეული ხარვეზები აქვს, არცერთმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, 9 წელი იყო „ნაცმოძრაობა“ და პირიქით გაამკაცრა და გააუარესა ის, ჩვენ გვეყო ძალა, ნება არ გამოვეკიდეთ იმას, რომ ასეთი ტიპის მაჟორიტარული ოლქები ხშირად ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანია, ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შეივვლება“- განაცხადა დავით საგანელიძემ.
“ქართულ ოცნებაში“ გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ხმების თანაბარ-წონადობის მიღწევის მიზნით მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება.
გარდა ამისა, მიღებულია მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება. კოალიციაში აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდება.