თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც ჩაიდინა
რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროში განაცხადა.
ბერუჩაშვილი მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ფორუმში TO BE SECURE მონაწილეობდა.
“რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში. საჭიროა დასავლეთის ერთიანი, მტკიცე და პერმანენტული პოზიცია, მხარდაჭერა იმ ქვეყნების, ვინც გააკეთა თავისი სუვერენული არჩევანი და რის გამოც ისინი, ფაქტობრივად, ისჯებიან”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ამავე გამოსვლაში ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და მათი არჩევანი არის ღირებულებებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოება.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება ამ არჩევანს ვეტო დაადოს, რადგან აღნიშნული ერთადერთი შესაძლებლობაა, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის სივრცის რეგიონში გაფართოებისთვის.
“უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ჰიბრიდული ომი გახლავთ, საერთაშორისო სამართალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისა, რაც მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ მიისწრაფვიან.
მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა არ არის ცალკეული შემთხვევა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში წამოიწყო კონფლიქტების სახით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წელს კი საქართველო-რუსეთს შორის ღია ფართომასშტაბიან ომს ჰქონდა ადგილი, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება, ამიტომ დღეს სახეზე გვაქვს ე.წ. ხელშეკრულებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტურ რეჟიმებთან ასოცირებასა და ინტეგრაციაზე. ეს კი წარმოადგენს პირდაპირ ანექსიას სუვერენული საქართველოს ტერიტორიებისა, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და იმ პროცესების გაგრძელებაა, რასაც რუსეთის მიერ ძველი გავლენის სფეროების აღდგენა ეწოდება. ამით რუსეთი სჯის იმ ქვეყნებს, რომელთა არჩევანიც ორიენტირებულია საგარეო პოლიტიკის თავისუფალ არჩევანზე. ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და მათი არჩევანი არის ღირებულებებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოება. ეს არჩევანი არავის წინააღმდეგ არ გაკეთებულა. არავის არ ააქვს უფლება, ამ არჩევანს ვეტო დაადოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გაფართოვდეს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე რეგიონში. ამიტომ ღია კარის პოლიტიკა უზომოდ მნიშვნელოვანია და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია, აქვს სურვილი და არ იშურებენ ძალისხმევას, უნდა მიეცეს არჩეული მიმართულებით წასვლის საშუალება”, – განაცხდა ბერუჩაშვილმა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, TO BE SECURE მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც მონტენეგროში ყოველ წელს იმართება და უსაფრთხოებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია მონტენეგროს ატლანტიკური საბჭო. 2015 წლის ფორუმი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მირო დუკანოვიჩმა გახსნა.