ირაკლი შოთაძე: ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ, რომ მახარაძის საქმეზე ნაფიც მსაჯულებს გამამტყუნებელი ვერდიქტი მიეღოთ

საქართველოს მთავარი პროკურატურა ძალიან იმედგაცრუებულია ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესის შედეგებით, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომაპნაი “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.
ირაკლი შოთაძე იმედოვნებს, რომ მომდევნო პროცესებზე პროკურატურა ამას მოახერხებს.

“საქართველოს მთავარი პროკურატურა ძალიან იმედგაცრუებულია ამ სასამართლო პროცესის შედეგები, სამწუხაროდ გამამტყუნებელი განაჩენისათვის ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა დაგვაკლდა რასაც ჩვენ არ მოველოდით იქიდან გამომდინარე რა მტკიცებულებებიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და მყარი მტკიცებულებებითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ლაშა მახარაძე მოკლული იქნა გიორგი ოქროპირიძის მიერ. მე დღეს მოვისმინე ლაშა მახარაძის დედის განცხადებები, ჩემთვის სრულიად გასაგებია ის გულისწყრომა და იმედგაცრუება, რომელიც მან დღეს პირდაპირი ეთერის მეშვეობით გამოხატა, თუმცა მე მინდა მას და საზოგადოებას ავუხსნა, რომ დღეს კანონი ასეთია, კონკრეტულ მუხლებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ითვალისწინებს , შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში საქმის ბედი დამოკიდებულია ნაფიცი მსაჯულების – საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების, არაპროფესიონალი იურისტების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, აქ პროკურატურა უძლურია, ერთი მე შემიძლია დავპირდე და ვუთხრა მოკლული ლაშა მახარაძის დედას, რომ საქართველოს პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო და ნაფიც მსაჯულებს გამამტყუნებელი ვერდიქტი მიეღოთ,სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი ნაფიცი მსაჯულების პროცესზე ჩვენ მოვახერხებთ ამას და სამართლიანობა იზეიმებს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები