დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ჩვენი თხოვნით ესწრებოდა ამ შეხვედრას
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის თხოვნით ესწრებოდა. „ბიძინა ივანიშვილი ჩვენი თხოვნით ესწრებოდა ამ შეხვედრას. ჩვენ გვინდოდა კარგად გაგვეაზრებინა კოალიციური შეთანხმებების დადების დროს, წინა საარჩევნო კამპანიის თუ შემდგომ პერიოდში, როგორ ვსაუბრობდით ამ თემაზე. ეს არ არის ახალი თემა, რომელიც ციდან ჩამოვარდა. ჩვენ ამ თემაზე მსჯელობა წლების განმავლობაში გვქონდა. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი ყოფნაც ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას. ეს ვერსია და მოდელი ჩვენი საერთო პოზიციაა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და პროპორციული სისტემის შემოღება მხოლოდ 2016 წლის შემდგომი პერიოდის არჩევნებისთვის მოხდება – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.