დავით უსუფაშვილი: 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვიდრდება. 2016 წლის არჩევნებისთვის კი მოხდება არსებული სისტემის მოდერნიზაცია ისე, რომ დაცული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, უსუფაშვილის თქმით, კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები სასურველი არ არის.
“ზოგადად საარჩევნო სისტემის რეფორმები სწორედ ასე უნდა ხორციელდებოდეს. კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები არ არის სასურველი. ამისთვის საჭიროა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, ყველა მოვემზადოთ. ასეთი რეფორმები საჭიროებს გააზრებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაამკვიდრებს პროპორციულ არჩევნებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის და ასევე პარალელურ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არსებული პრობლემები დიდწილად მოგვარდეს. პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც დაინტერესებულია არჩევნებით, რომ ამ გეგმას მხარი დაუჭირონ. “ყველას მოვუწოდებთ, გადმოდგას საპასუხო ნაბიჯი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველას ვთხოვთ, რომ ამ კონკრეტულ გეგმას, ამ კონკრეტულ სქემას, დაუჭირონ მხარი და დავამკვიდროთ ის, რაზეც პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია თანხმდება”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები