ირაკლი ღარიბაშვილი: 2016 წლის შემოდგომაზე მაჟორიტარული არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოქმედი საარჩევნო სისტემა ბოლომდე არ შეესაბამებოდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მას აუცილებლად გავაუმჯობესებდით. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. სწორედ ეს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომაც, საარჩევნო კოდექსის იმ დებულებასთან დაკავშირებით, რითაც ისარგებლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას, რომელიც, შინაარსითაც და განხორციელების სქემითაც, დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან; ასევე, უპასუხებს საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის დღევანდელ განწყობებს და ასევე საზოგადოებრივი პროცესების დინამიკას. ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო სისტემის რეფორმით ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციას, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების განწყობების ყველაზე უფრო ადეკვატურ ასახვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკური კონკურენციის სამართლიანი და სტაბილური წესების დამკვიდრებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კოალიციის ლიდერმა ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას ემსახურებოდა. „სახელმწიფო წნეხისგან სრულად გათავისუფლდა ბიზნესი, მედია; რეალური ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის დასანერგად – ჩატარდა მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევნები; განხორციელდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; დასრულდა საყოველთაო თვალთვალის ეპოქა და მოსახლეობაში გაქრა შიში ხელისუფლებისადმი; მთავრობის მიერ ინიცირებულია უმნიშვნელოვანესი ცვლილებები პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე – პოლიციური და უსაფრთხოების სამსახურების ერთმანეთისგან გასამიჯნად; დამკვიდრდა სამართლიანი არჩევნების პრაქტიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია.
უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
მოქმედი კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებზე 30 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.