პრეზიდენტი: გაეროს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გაეროს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებული მორიგი რეზოლუცია ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში აფხაზეთის ვირტუალური არქივის ava.ge-ს პრეზენტაციაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელ თამარ ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოსადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იზრდება.
“თქვენ ნახეთ, რომ გაეროში ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. ქართულმა დიპლომატიამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა – ახლა უკვე 75 ქვეყანა საუბრობს დევნილთა პრობლემის ჰუმანიტარულ ნაწილზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს განხორციელებული საქმიანობისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება მუდმივად ფიქრობს ერთიან თანაცხოვრებასა და ევროპულ განვითარებაზე, რა მიმართულებითაც აქტიურ ნაბიჯებს დგამს. “ჩვენს ნაბიჯებს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა ხვდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.