დავით საგანელიძე თანაგუნდელებს პარტიასთან შეუთანხმებლად საარჩევნო კოდექსზე ღიად საუბრის გამო აკრიტიკებს

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე თანაგუნდელებს პარტიასთან შეუთანხმებლად საარჩევნო კოდექსის საკუთარ მოდელზე ღიად საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყებამდე საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასწორია, როდესაც რომელიმე ფრაქციის თუ უმრავლესობის წევრი გამოდის და თავის ვარიანტზე საუბრობს.

„მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორია, როცა რომელიმე ფრაქციის უმრავლესობის წევრი გამოდის და თავის ვარიანტზე საუბრობს, სანამ გუნდში არაა განხილული და არ ვართ შეთანხმებული, მე შეიძლება ძალიან ბევრი ვარიანტი მქონდეს თავში, ძალიან მკაცრად და მკვეთრად ვიყო რომელიმე პოზიციაზე ჩამოყალიბებული ჩემთვის, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას, გამოვიდე და პრესკონფერენციები ვატარო, რომ ეს ვარიანტი მომწონს და გუნდში არ მქონდეს შეთანხმებული“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, – ხომ არ გულისხმობდა ის უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს, საგანელიძემ განაცხადა, რომ ის გულისხმობს ყველას, ვინც გამოდის და მსგავს განცხადებებს აკეთებს.

„არ ვგულისმობ არავის, ვგულისხმობ ყველას, ვინც გამოდის, გუნდში არავისთან ათანხმებს, სხვის მოსაზრებას არ იგებს და იმიტომ, რომ თითქოს სხვაზე წინ მოუვიდა აზრი, გამოდის და აფიქსირებს პოზიციას. ყველას ვთხოვ, ჩემს კოლეგებს, ჯერჯერობით, ყველაფერი შეათანხმონ. ერთად გავიაროთ და ერთად დავაფიქსიროთ პოზიციები და ერთი პოზიციით დავფიქსირდეთ და არა ისე, რომ 85 ადამიანი ცალ-ცალკე ბრიფინგს ატარებდეს და თავის ვერსიაზე საუბრობდეს“, – განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, საგანელიძის თქმით, ძალიან ბევრი საკითხი ყოფილა, რომელზეც განსხვავებული პოზიციები დაფიქსირებულა, თუმცა, ყველას მოსაზრება უნდა მოისმინონ.

„არც ერთი ვარიანტი არაა იდეალური, არც ერთი შემოთავაზებული ვარიანტი არ შეიძლება იყოს იდეალური, თუ არადა, მსოფლიოში ერთ კანონი იქნებოდა და ყველა ამ კანონით იმუშავებდა საარჩევნო მიმართებაში. ქვეყანა რა მდგომარეობაშიცაა, რა პრობლემებიც აქვს და როგორია დღევანდელი სიტუაცია, მიტაცებულ ტერიტორიებს, რეგიონის პრობლემებს ვგულისხმობ, ამაზე უნდა იყოს მორგებული საარჩევნო კოდექსი და არა იმაზე, რომ სადღაც, რომელიმე ქვეყანაში იდეალური დაიწეროს და ჩვენ ვარჩევთ, რომელია იდეალური ჩვენთვის“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

უმრავლესობის ლიდერის აღნიშნულ განცხადებას ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა. „ზაქარია ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც ქვეყნისთვის სწორად მიაჩნდა. ვფიქრობ, ჯობს შერეული სისტემა დარჩეს, იმიტომ, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, დემოკრატიის განვითარებისთვის გვჭირდება მრავალპარტიული სისტემა, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხის პირადაპირი წარმომადგენელი სისტემის გაუქმება კიდევ უფრო მეტ გაუცხოვებას გამოიწვევს ამომრჩევლის მხრიდან“, – განაცხადა ქუცნაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები