ირაკლი ღარიბაშვილი: თითოეული ინვესტორის მიერ ჩადებული თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თითოეული ინვესტორი იქნება პრემიერ-მინისტრის ყურადღების ქვეშ და მათ მიერ ჩადებული თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული, – ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა ახსნა ის გადაწყვეტილება, თუ რატომ გადავიდა საინვესტიციო სააგენტო “საპარტნიორო ფონდიდან” პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს საუბარი იყო ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

“ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გაგვეცნო მათთვის ის ცვლილებები, რომელიც განვახორციელეთ. კერძოდ, ჩემი დავალებით, საინვესტიციო სააგენტო, რომელიც მანამდე იყო “საპარტნიორო ფონდის” დაქვემდებარებაში და მაინცდამაინც არ იყო მისი სტატუსი გარკვეული და ფუნქცია არ იყო ნათლად ჩამოყალიბებული, მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. რატომ გავაკეთეთ ეს?

ჩვენ შევთანხმდით, რომ ინვესტორებისთვის იქნებოდა კიდევ უფრო მეტად კომფორტული, რომ მოხდეს უფრო მეტი კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რომ მათი მოპყრობა იყოს კიდევ უფრო მეტად პროფესიონალური, ჩვენი მთავრობისთვის გაცხადებული პრიორიტეტი არის, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი სტრატეგიაა, რომ მაქსიმალურად მეტი კაპიტალი და ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში უცხოეთიდან. ამ გადაწყვეტილებით კი ინვესტორებს ვთავაზობთ ძალიან ნათელ მესიჯს, რომ მათ მიერ ჩადებული თითოელი ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული და თითოეული ინვესტორი იქნება პრემიერ-მინისტრის ყურადღების ქვეშ, ხოლო მათი თითოეული ინვესტიცია აბსოლუტურად გარანტირებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საინვესტიციო სააგენტო იმუშავებს საინვესტიციო პროექტებზე, რომელსაც ინვესტორებს წარვუდგენთ, იგი ასევე იმუშავებს იმისთვის, რათა გააიოლოს ინვესტორების ურთიერთობა სამინისტროებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები