ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გამართა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე თვინინგის პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება” დახურვის ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისთვის მენჯმენტის გეგმა მოამზადეს, რომლის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერება. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის იაროჩევიჩმა სიტყვით მიმართეს.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა. ჟურნალისტებმა ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს და უნიკალურ საგანძურს გაეცვნენ. ამ ტურის ფარგლებში ნაკრძალს ვერტმფრენით გადაუფრინეს, ასევე მოეწყო საცხენესნო ტური როჭის ჩანჩქერის ბილიკზე და საფეხმავალო ტური. მედიის წარმომადგენლებმა ასევე ჩურჩხელები ამოავლეს და პურის გამოცხობის პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებები მუსიკალურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფმა გააფორმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა ყოველი წლის 5 ივნისს გარემოს დაცვის ერთ- ერთ პრობლემას უძღვნის. წლევადელი სლოგანი: “იცოდე მეტი გარემოზე” სწორედ დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსების მოხმარებას უკავშირდება. სლოგანი გამოხატავს გამოწვევას, რომელიც ბუნებრივი რესურსების სტაბილიზაციასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას უკავშირდება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.