“ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად კარგად ართმევს თავს მონეტარულ პოლიტიკას”
„მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილია იმით, თუ როგორ ართმევს თავს მონეტარულ პოლიტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროსთან და, ზოგადად, მთავრობასთან ერთად“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომავალ კვირას მსოფლიო ბანკი პარლამენტის ინიციტიავას განცხადებით გამოეხმაურება, რომელიც ბანკების ზედამხედველობას გულისხმობს.
„ჩვენთვის, მსოფლიოს ბანკისთვის მთავარია უზრუნველვყოთ ის ფაქტი, რომ ცენტრალური ბანკი იყოს დამოუკიდებელი და ბოლომდე შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. მომავალ კვირას გავაკეთებთ განცხადებას, სადაც შევაფასებთ ბანკებზე ზედამხედველობის საკანონმდებლო ინიციატივას. რაც შეეხება ცენტრალური ბანკის მმართველს, ჩვენ არ ვესწრებოდით ბატონ ივანიშვილსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გამართულ შეხვედრას, შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილია იმით, თუ როგორ თუ ართმევს თავს მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროსთან და, ზოგადად, მთავრობასთან ერთად“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალმა. შეგახსენებთ, გუშინ ყოფილ პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც “მისი პირადია”, შეუძლია, აპატიოს.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.