გიორგი ქადაგიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ქადაგიძე ბრიფინგით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურება. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც “მისი პირადია”, შეუძლია, აპატიოს. “ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.