თეა წულუკიანი: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი უნდა შევცვალოთ
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი ხელს უშლის უბრალო კონტაქტებსაც კი ადამიანებს შორის და ეს ნორმა შესაცვლელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინულ День-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ამ ტერიტორიებს ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი იმ მომენტამდე, სანამ მათი დეოკუპაციას არ მივაღწევთ. ეს დოკუმენტი კრძალავს კომერციულ და სხვა კონტაქტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ის არ უშვებს უბრალო კონტაქტებსაც კი ადამიანებს შორის. ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ საკანონმდებლო ნორმა, რათა ადამიანებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხრიდან კავშირები შეინარჩუნონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ოჯახები გაიყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ხელისუფლებამ კანონი “ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ” 2008 წლის ოქტომბერში მიიღო.
კანონის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს გულისხმობს. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.