თეა წულუკიანი: საქართველოსა და უკრაინის გარეშე ევროპა უსაფრთხო არ იქნება
ევროპაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული პრობლემების იმპორტი არ სჭირდებათ. ჩვენ ვუხსნით, რომ საქართველოსა და უკრაინის გარეშე უსაფრთხო ევროპა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინულ День-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც საქართველოს ნაწილი, ევროპისთვის სავიზო რეჟიმის მიმართულებით არანაირ პრობლემებს არ შექმნიან.
“ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც საქართველოს ნაწილი, ევროპისთვის სავიზო რეჟიმის მიმართულებით არანაირ პრობლემებს არ შექმნიან. იმიტომ, რომ ევროკავშირში მოგზაურობას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც ქართული ბიომეტრული პასპორტი ექნებათ”, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება ქართველების უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.
“საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი მარტივი პოზიცია აქვს. მე ქედს ვიხრი გმირების წინაშე და არა მხოლოდ ქართველების, არამედ უკრაინელების. ისინი მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის არ იბრძოდნენ – ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, საერთო პრობლემები. ამიტომ, როდესაც საქართველოში დაღუპული მებრძოლების ჩამოსვენება ხდება, ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან ახლოს მიაქვს გულთან, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვუშვებთ და კრიმინალიზებას ვახდენთ, ესაა ჩვენი შვილების წასვლა სირიის ომში და სხვა ქვეყნებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში. ჩვენ ახლა კანონმდებლობის დონეზე დავარეგულირებთ, რომ თუ ვინმე პროპაგანდას უწევს ასეთ მოქმედებებს, შესაბამისად დაისაჯოს”, – განაცხადა წულუკიანმა.