ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს (ვიდეო)
ქართული დიპლომატიის გამარჯვება, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციის მიღება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 69-ე სესიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.
“75-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპერეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაც, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმუშავა საგარეო უწყებამ, რომ დაგვერწმუნებინა ის სკეპტიკური სახელმწიფოები, რომლებიც მანამდე არ უჭერდნენ მხარს ამ რეზოლუციას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმუშაობთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.