ბიძინა ივანიშვილი: სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გავითვალისწინე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა პირადი შეხვედრისას სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და მან ეს თხოვნა გაითვალისწინა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროკურატურაზე მაღლა დადგა, ივანიშვილი აცხადებს, რომ არა, ვინაიდან საქმე მის პირად ზარალს ეხებოდა, ხოლო საერთო ქონებასთან დაკავშირებით ხელს არავის დააფარებდა. რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებას გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარღვევები კიდევ აქვს, მაგრამ ამას დამტკიცება ესაჭიროება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები