ახალი პოლიტიკური ცენტრი მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოდის
ახალი პოლიტიკური ცენტრი მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოდის.
„საგადასახადო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ უკვე მოამზადა, რომლის პრეზენტაციასაც ის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, 8 ივნისს გამართავს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას თავდაპირველად ჟურნალისტებს გააცნობს, მოგვიანებით კი, ბიზნესის წარმომადგენლებს.
„მოგების გადასახადი უნდა გაუქმდეს და საწარმოს მიერ მიღებული მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიბეგროს, თუ ამ თანხას პარტნიორები გაინაწილებენ. ყველა სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მიერ მიღებული მოგება არ უნდა იბეგრებოდეს, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, საგადასახადო ტვირთი შემცირდება და გადასახადის ადმინისტრირება გამარტივდება, მეორე მხრივ კი, ინვესტიციები წახალისებული იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავენ ახალ პოლიტიკურ ცენტრში.