ირაკლი ღარიბაშვილი: უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება

უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად გონივრულად უნდა შევისწავლოთ თითოეული საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლებამ ეს პროცესი დაიწყო, პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც კონცენტრირებულად ასეთ საქმეებზე მუშაობს.

“ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ უკვე რამდენიმე თვის წინ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მანამდე არ შეჩერებულა. ჩვენ ძალიან რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწია, ვინაიდან 9 წლის განმავლობაში ათასობით ფაქტი იყო დაფიქსირებული, იქნება ეს ბიზნესის, სახლების, ავტომანქანების ჩამორთმევის და ა.შ. ამას სჭირდებოდა დახარისხება, სისტემატიზაცია. თითოეულ დოკუმენტს, ათასობით დოკუმენტს სჭირდებოდა შესწავლა, დახარისხება, ასევე – იმის გამოვლენა, თუ რამდენად სამართლიანი იყო მოქალაქის ესა თუ ის მოთხოვნა. ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ შემთხვევაში იყო მართალი, ამას სჭირდებოდა დადგენა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს დამტკიცდა რამდენიმე მანდილოსნისთვის ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნების საკითხი და ეს პროცესი გაგრძელდება.

„არ შეიძლება, ერთიანი მიდგომა გავავრცელოთ ყველაზე, ამას სჭირდება ინდივიდუალურ რეჟიმში გავლა, ინდივიდუალურ დონეზე უნდა იქნას შესწავლილი თითოეული საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. რაც მთავარია, სახელმწიფომ დააფიქსირა ნება, რომ სურს ამ პრობლემის გადაჭრა. მექანიზმებზე მუშაობა მიმდინაროებს. გუშინ რაც მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან, ეს ნაწილია იმ მექანიზმებისა, რომლის მიხედვითაც მოხდება უკანონოდ, იძულების წესით ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნება. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება და დასრულდება. ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება და ამის დასრულებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები