ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილების შესახებ გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა
„ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპერეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა დევნილების შესახებ გაეროს მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გუშინ გაეროს 69-ე სესიაზე მხარდამჭერთა უპროცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.
“75 სახელმწიფომ მხარი დაუჭირა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უპერეცედენტო დახმარება და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის ქართული დიპლომატიის გამარჯვებაც, იმიტომ რომ ძალიან კარგად იმუშავა საგარეო უწყებამ, რომ დაგვერწმუნებინა ის სკეპტიკური სახელმწიფოები, რომლებიც მანამდე არ უჭერდნენ მხარს ამ რეზოლუციას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და ვმუშაობთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით (69 ხმა) ექვსით მეტია.