„უშიშროების სამსახური პრემიერსა და მთავრობას დაექვემდებარება, შსს მხოლოდ მართლწესრიგის პრევენციისა და დაცვის კომპეტენციით შემოიფარგლება“

საპარლამენტო ურავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა განმარტა, რეფორმა უწყების სისტემურ დეპოლიტიზაციას უზრუნველყოფს, თუმცა, მისივე თქმით, მართლწესრიგისა და უშიშროების კომპეტენციის ერთმანეთისგან გამიჯვნა რეფორმის მხოლოდ პირველი ეტაპია, სტრუქტურული გამიჯვნის შემდეგ კი უკვე ცალკეული მიმართულებებით, შინაარსობრივად კომპეტენციების გათვალისწინებით მათი ცალ- ცალკე რეფორმირება გაგრძელდება.
„ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაცია სისტემურ და პოლიტიკურ დონეზე უნდა გაგრძელდეს. შსს-ს უნდა გამოეყოს და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს ის დეპარტამენტები, რომელთა კომპეტენციაც უშიშროების საკითხებს ეხება. მართლწესრიგი და უშიშროების საკითხები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. წარმოდგენილი კანონპროექტით ყალიბდება უშიშროების სამსახური, რომელიც პრემიერსა და მთავრობას დაექვემდებარება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად მხოლოდ მართლწესრიგის პრევენციისა და დაცვის კომპეტენციით შემოიფარგლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ამ რეფორმის ფარგლებში თავად რეფორმა არ სრულდება. სტრუქტურული დაყოფა – ეს არის პირველი ეტაპი, შემდგომ უკვე ცალკეული მიმართულებებით, შინაარსობრივად, კომპეტენციიების გათვალისწინებით, მათი ცალ- ცალკე რეფორმირება გაგრძელდება. მიმდინარე წელს სტრუქტურული გაყოფის ნაწილი დასრულდება“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურას, სესიაშვილის განმარტებით, პროკურატურის რეფორმა ჯერ არ არის მზად, თუმცა, პროკურატურა დღეს როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო კონტროლს ექვემდებარება. სესიაშვილის თქმით, პროკურატურის რეფორმის შესაბამისი კომისია უცხოელ ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს. სესიაშვილი დარმწუნებულია, რომ პროკურატურის რეფორმა დღის წესრიგიდან ყველა იმ კითხვას მოხსნის, რაც საზოგადოებას აღნიშნული უწყების მიმართ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები