„ჩვენ გვაიძულეს, ხელი დაგვედო მამალაძისთვის“ – რას ამბობენ ლევან მამალაძის საქმის მოწმეები წლების შემდეგ

პროკურატურა ლევან მამალაძის საქმის მოწმეების ხელახლა დაკითხვას იწყებს,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მამალაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გააკეთა.

კობაიძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში 8 მოწმის დაკითხვა იგეგმება. აქედან სამი მოწმე უკვე დაკითხულია. ლევან მამალაძის ადვოკატის განცხადებით, რვავე მოწმე ამბობს, რომ მათ ჩვენებები მამალაძის წინააღმდეგ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

„ პროკურატურამ მამალაძის საქმეზე ფაქტობრივად ახალი ძიება დაიწყო. იკითხებიან მის საქმეზე წარსულში დაკითხული მოწმეებიც და ისინიც, ვინც ამ დრომდე არ ყოფილა დაკითხული. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჩვენებებში ხელს მამალაძეს ადებდნენ, დღეს ზუსტად ყვებიან, თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდა მათზე ზეწოლა, რომ სააკაშვილის პროკურატურას მათგან სასურველი ჩვენებები მიეღო. მოწმეები დაკითხვისას აცხადებენ: „ჩვენ გვაიძულეს ხელი დაგვედო მამალაძისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ალექსანდრე კობაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ლევან მამალაძეს მალე საშუალება ექნება, სამშობლოში დაბრუნდეს. მოწმეთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს ყოფილი გუბერნატორიც. როგორც ლევან მამალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პირდაპირი ჩართვისას განმარტა, მოწმეთა ჩვენებები პროკურატურამ ზეწოლით, წამებით და დაშინებით მოიპოვა.

მამალაძის განცხადებით, მის საქმეში წინა პროკურორების, მიხეილ სააკაშვილის და მოსამართლეთა ბრალეულობის ნიშნები იკვეთება.11425090_989052814472896_3026036772545027140_n

„ჩემს საქმეში პროკურორებმა სისხლის სამართლის კოდექსის 14 მუხლი, მიხეილ სააკაშვილმა კი 11 მუხლი დაარღვია, მათ ამაზე პასუხისგება მოუწევთ. ამ დანაშაულებრივი სქემის გამო მე უკვე 12 წელია რეპრესიების მსხვერპლი ვარ. გარდა პროკურორებისა და სააკაშვილისა, ჩემს საქმეში აშკარად იკვეთება მოსამართლეთა დანაშაულის ნიშნები. ამჟამად ვამზადებთ მასალებს, რომ დამნაშავე მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“,- აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

ლევან მამალაძეს ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედება. 2006 წლის 31 ივლისს ქართულმა მართლმსაჯულებამ მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. მამალაძეზე ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები